ლტოლვილები და თავშესაფარი

თავშესაფრის მოპოვების პროცედურები ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1951 წლის კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, ვისაც „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.” თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შემთხვევათა შემცირებისათვის ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ მიღებული განაცხადები, რათა შეამცირონ სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურების დრო. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თავშესაფრის სისტემის მიზანსა და მოთხოვნებზე, მათი განაცხადები სტატუსის მინიჭების თაობაზე ხშირ შემთხვევებში არ შეესაბამება რეგულაციებით დადგენილ ნორმებს.

საერთაშორისო დაცვა საქართველოში

საქართველოში თავშესაფრის მიღების საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი “საერთაშორისო დაცვის შესახებ". კანონის მიხედვით საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:

  • ლტოლვილის სტატუსი;
  • ჰუმანიტარული სტატუსი;
  • დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

ზემოაღნიშნული სტატუსების მინიჭების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ- თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმა- ყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ ზემოთხსენებულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. საქართველოს კანონმდებლობით სერიოზულ ზიანად მიიჩნევა:

  • პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე;
  • წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი;
  • პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭება - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი ისეთ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით.

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას.

საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა.

თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი.

საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე განაცხადების განხილვა სათანადო პროცედურების და რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ ვერ დადგინდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაერო-ს 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის სტატუსის მიღების პირობები, განმცხადებელს უარი ეთქმევა ასეთი სტატუსზე. უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს, როდესაც პირის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენი- სათვის.

თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა 1 წლის ვადით. ამ დოკუმენტის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებელი ისარგებლებს განათლების, სამედიცინო თუ სოციალური დახმარების, შრომითი მოწყობისა და სხვა უფლებებით.

შენიშვნა: თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.

საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით განიხილება მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით.

საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, ასევე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაერო-ს 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული სამგზავრო დოკუმენტი, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტი. დროებითი ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის მიღების მოთხოვნით საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.

ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ბინადრობის მოწმობა უფასოდ გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე – 3 წლის ვადით.

ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დოკუმენტი გაიცემა 2 წლის მოქმედების ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე 1 წლამდე ვადით.

შენიშვნა: ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; იგი ასევე ვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ;

ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:

  • აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს თავისუფლად;
  • მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;
  • იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება;
  • საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;
  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს;
  • საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით.

საერთაშორისო დაცვის მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.mra.gov.ge; www.sda.gov.ge; www.centri.gov.ge; www.psh.gov.ge.

ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი

2009 წლიდან საქართველოში დაიწყო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაერო–ს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებული ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა.

ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის საქართველოდან გასვლის (გარდა საკუთარი მოქალაქეობის, ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ან იმ სახელმწიფოებისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ), საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ

დაკავშირებული დოკუმენტები:

  • ბრძანება №99 (25.67 KB)ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
  • ბრძანება №100 (58.76 KB)ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი