სემინარი დიდი ბრიტანეთის მიგრაციის მართვის სისტემის შესახებ

2017 წლის 5-7 დეკემბერს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით გაიმართა სემინარი მსსკ-ს წევრი უწყებებისთვის, რომელზეც განხილული იქნა დიდი ბრიტანეთის მიგრაციის მართვის სისტემა, უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკა და მონაცემთა ინტეგრაცია და ხარისხი მიგრაციის ანალიზის მიზნებისთვის. სემინარს უძღვებოდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის ანალიზის სამსახურის უფროსი ექსპერტი.

სემინარის პირველ დღეს ექსპერტმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ინსტიტუციური ჩარჩოს და სტრატეგიული ხედვის შესახებ უცხოელთა ინტეგრაციასთან მიმართებაში და განიხილა მისი უწყების მიერ შემუშავებული ინტეგრაციის ინდიკატორების მიხედვით შესაბამისი მონაცემების მოგროვების სპეციფიკა. სემინარის მეორე დღეს მან მიმოიხილა დიდი ბრიტანეთის მიგრაციის მართვის ინსტიტუციური ჩარჩო და შედარებით უფრო დეტალურად, მისი სამსახურის ფარგლებში მიმდინარე ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის თავისებურებები. შეხვედრის მესამე დღეს კი ბრიტანელი ექსპერტის მხრიდან გაზიარებული იქნა მის სამინისტროში მიგრაციასთან დაკავშირებული მონაცემების ინტეგრაციის და ხარისხის სტანდარტის პრაქტიკა.

სემინარი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში. სემინარში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის პროექტის ანალიტიკოსები.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი