სამუშაო ჯგუფები

თემატური სამუშაო ჯგუფები

საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები.

მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი

2011 წლის 25 თებერვალს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნა მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

მიგრაციის ლაბორატორია

მიგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობის გააქტიურების კვალდაკვალ და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) შექმნასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიის არსებობის საკითხი. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, 2011 წლის 19 მაისს ჩამოყალიბდა მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სამუშაო ჯგუფმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს 2013–2015 წლების მიგრაციის სტრატეგია. 2013-2015 წლების მიგრაციის სტრატეგიის ვადის ამოწურვის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი (2016-2020 წწ.) სტრატეგიის შემუშავების საკითხი რაც, თავის მხრივ, განსაზღვრული იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც. სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში. მსსკ-ს ყველა წევრ უწყებასთან ერთად მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული ბანკის და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს.

2019 წლის თებერვალში მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი გარდაიქმნა მიგრაციის ლაბორატიორიად, რადგან მისი საქმიანობის არეალი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიგრაციის ლაბორატორიის ფარგლებში, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად, ამჟამად მიმდინარეობს მოკლე და საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილების შემუშავება, მიგრაცია და განვითარების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია და სხვადასხვა ანალიტიკური პროდუქტების მომზადება.

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის (მეას) შექმნაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი 2014 წლის 7 თებერვალს ჩამოაყალიბა და განუსაზღვრა სამოქმედო მიმართულებები. მომდევნო წლებში, სისტემის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდულად იცვლებოდა სამუშაო ჯგუფის წევრობა და პრიორიტეტები. 2018 წლის გაზაფხულზე, მეას-ის საცდელ რეჟიმში ამუშავების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადახალისდა ჯგუფის შემადგენლობა და ანალიტიკური სისტემის მომხმარებელი უწყებების ანალიტიკოსებით დაკომპლექტდა.

სამუშაო ჯგუფის ახალი შემადგენლობის მიზანია მეას-ის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია, მონაცემთა ხარისხის და მონაცემთა მართვის გაუმჯობესების საკითხებზე თანამშრომლობის ხელშეწყობა. მეას-ის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია 9 სახელმწიფო უწყება; ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

2019 წლის 11 თებერვლის მსსკ-ს სხდომაზე ჯგუფის სახელწოდებად განისაზღვრა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფი.

მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფი

რეგიონში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მიგრაციის რისკების ანალიზის სისტემის შექმნა და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

2015 წლის სექტემბერში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ფარგლებში, შეიქმნა მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფი. მისი საქმიანობის მთავარი მიზანია მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

უცხოელთა ინტეგრაციის (2016) და სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფების (2011) შერწყმის საფუძველზე, 2017 წლის დეკემბერში მსსკ-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი. გაერთიანებული ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარება და ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის მიზნით გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციებისა თუ საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განხორციელების კოორდინაცია.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი